ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური გაუმჯებესების მიზნით სასწავლო ცენტრი და საგრანტო პროგამა გაიხსნა
დღეს, 28 თებერვალს, ანაკლიაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და USAID-ის მისიის ხელმძთვანელმა პიტერ ვიბლერმა, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ანაკლიის სასწავლო ცენტრი გახსნეს და საგრანტო პროგრამა გამოაცხადეს.
ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, ასევე პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ანაკლიის სასწავლო ცენტრი ანაკლიის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ბაზრისთვის მოთხოვნად სასწავლო კურსებს შესთავაზებს. სასწავლო ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის დასაქმებასა და პორტისა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში შექმნილი და არსებული ბიზნესის განვითარებას. სასწავლო კურსები მოიცავს სხვადასხვა დარგებს, მათ შორის, მეწარმეობას, ბიზნეს ადმინისტრირებას, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შესწავლას. ყოველივე ეს კი ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებასა და რეგიონის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს .
ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ასევე გამოცხადდა საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული თუ სხვა მიმართულებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და თანამდევ ტრენინგებთან ერთად მოსახლეობის ბიზნეს და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას მოიტანს.
„ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ ანაკლიასა და მეზობელ სოფლებს დაეხმარება მომზადებულნი შეხვდნენ და უკეთესად აითვისონ ეკონომიკური განვითარების ის ახალი შესაძლებლობები, რომელსაც მათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი შესთავაზებს. ანაკლიის პორტის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავითარებს. ახალი ღრმაწყლოვანი პორტი ახალ რეგიონალურ და ეკონომიკურ ჰაბად და აზიასა და ევროპას შორის მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფნად მოიაზრება. ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის დასრულება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება, ეს პერიოდია გათვალისწინებული USAID-ის პროექტ „ზრდისა“ და ADC-ის ერთობლივი პროგრამის განავითარებისთვისაც.
„ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და რეგიონის განვითარება ჩვენი მთავარი მიზანია. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ საქმეში ასეთი ძლიერი პარტნიორები გვყავს. დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთად შევძლებთ გავაძლიეროთ რეგიონი, დავასაქმოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და პორტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ რაც შეიძლება მეტი მაღალკვალიფიციური ადამიანი გვყავდეს“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესახებ: ADC-ი არის კონსორციუმი, რომელიც ქართული თიბისი ჯგუფმა და ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დააფუძნა. საქართველოს მთავრობასთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და განვითარებას ახორციელებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხედვა ანაკლიის პორტის საერთაშორისო კლასის კომპლექსად ჩამოყალიბება და მისი უმნიშვნელოვანეს სავაჭრო წერტილად გადაქცევა, როგორც ცენტრალურ აზიასთან, ასევე ახალი აბრეშუმის გზის სავაჭრო გზაზე, ევროპასა და აზიას შორის. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მიზნად ისახავს ანაკლიაში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხარჯების შემცირებას, რომელიც ადგილობრივად და მთელ რეგიონში დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების წინაპირობაა. სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ADC-ი მიზნად ისახავს ანაკლიისა და მიმდებარე სოფლების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. დამატებითი ინფორმაციისთვის; http://anakliadevelopment.com/
USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში ამერილმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. პროექტები, რომელთა მიზანია დახმარება გაუწიოს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის მშენებლობაში, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება. USAID-ი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს 100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/zrda.ge; www.zrda.ge