აზიის უმსხვილესი სპეციალური ეკონომიკური ზონა ანაკლიასთან თანამშრომლობით დაინტერესდა

25.02.2019

Scroll down

20 – 24 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი კამბოჯაში ქალაქ პნომპენის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას ეწვივნენ.

ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები კამბოჯას სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებელი და ოპერატორი PLc – ის მიწვევით იმყოფებოდნენ  და ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ PLc – ი ანაკლიის სპეციალური ეკონომიკურ ზონასთან პარტნიორობით  დაინტერესდა. კომპანიის წარმომადგენლებმა ანაკლიის კონსორციუმის გუნდს საკუთარი გამოცდილება სხვადასხვა პროექტების, ბიზნეს მოდელებისა და სერვისების განვითარების კუთხით გაუზიარეს.

 

გარდა ამისა, კამბოჯაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა ინვესტორთა ობიექტებიც მოინახულეს. შეხვდნენ  კამბოჯის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფ LCH – ს, რომელმაც იაპონურ კომპანიებთან ერთად შექმნა პნომის სპეციალური ეკონომიკური ზონა. ასევე მოლაპარაკებები გამართეს უდიდეს კომპანიებთან – Nippon Еxpress , Bok Seng Group, MinebeaMitsumi , Тоyota Тsushi – სა და SVI Public-Thailand- თან და მათი საწარმოები დაათვალიერეს. აღნიშნული კომპანიები საქართველოთი და კონკრეტულად, ანაკლიის სპეციალური ზონით დაინტერესდნენ.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთი დიდი გამოცდილების მქონე კომპანიებთან თანამშრომლობა. სასიხარულოა, რომ კამბოჯის სპეციალური ეკონომიკური ზონის ფლაგმან კომპანიას ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან თანამშრომლობა სურს. პნომპენის ზონა ძალიან საინტერესოა, რადგან იქ წარმოდგენილ კომპანიებს შორის 54 % იაპონურია და მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს ნიშნავს ხარისხიან ინვესტიციებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაღალ კორპორატიულ მმართველობას. მალე მათ წარმომადგენლებს საქართველოში ველოდებით,“-  განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

 

„ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა 475 ჰა განთავსდება, მოიზიდავს 1,04 მილიარდი დოლარის ინვესტიციას და შექმნის 16 000 -ზე მეტ სამუშაო ადგილს. ეს იქნება პირველი თანამედროვე ლოგისტიკური და ინდუსტრიული სივრცე, სადაც კომპანიებს შევთავაზებთ პორტთან და რკინიგზასთან ინტეგრირებულ ზონას, ოპერაციების გამარტივებულ სისტემას. ჩვენი მიზანია ანაკლია  საერთაშორისო და მულტინაციონალური კომპანიების მოზიდვის, ხოლო ადგილობრივი კომპანიების განვითარების პლატფორმა გახდეს,“ – განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

 

PLc- ი პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის ფლაგმანია, რომელიც 2008 წელს დაიწყო ოპერირება და მასში წამყვანი კამბოჯური და იაპონური ორგანიზაციები არიან გაერთიანებულნი.  400 ჰექტარზე განთავსებული  ეკონომიკური ზონა  დღეისთვის  აშშ -ს,  იაპონიის , სინგაპურის, ტაილანდის, ავსტრალიის, კორეისა და სხვა 14  ქვეყნის 95 კომპანია მუშაობს. ზონის განვითარებაში 600 მილიონის ინვესტიცაა ჩადებული და 19 000- ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. ზონის კლიენტებს შორისაა ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Coca Cola, Denso, Toyota, Nippon Express, Yusen Logistics, Meikodo, American Licorice, Yamaha Motors, Ajinomoto და სხვა. 2016 წლიდან  PLc დარეგისტრირებულია კამბოჯის ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე (CSX), მის  მენეჯმენტში იაპონური კომპანiაა ჩართული, ხოლო აქციონრები ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები არიან. ამჟამად, PLc- ის ამბიციურ გეგმებში არსებული ზონების გაფართოება, ახალი პროექტების განხორციელება და სხვა საერთაშორისო ბიზნესთან ინტეგრირება შედის.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარტის დასაწყისში დაგეგმილია პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის აღმასრულებელი დირექტორის ჰიროში იემაცუსა და იაპონური კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში.  მათი მიზანი ანაკლიის პორტის პროექტთან თანამშრომლობა და ანაკლიაში იაპონური კომპანიების მოზიდვაა.