იაპონიის ელჩი ანაკლიის პროექტზე – „იაპონიის მთავრობა განიხილავს სამომავლოდ ანაკლიის პორტში ინვესტირების საკითხს“

03.02.2021

Scroll down

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იმამურა აკირამ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

„იაპონიისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. საქართველო ასრულებს დერეფნის როლს არა მარტო ენერგიის, არამედ საქონლის გადაზიდვის თვალსაზრისითაც“.

ელჩის განცხადებით, დერეფნის ფუნქციის ეფექტიანად შესრულებისთვის აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ მხრივ საქართველოს ხელშესაწყობად 2019 წელს ევროკავშირი და იაპონია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

იმამურა აკირა საქართველოს ინფრასტრუტურის განვითარებაში დახმარების კონკრეტულ მაგალითებზე საუბრისას ასახელებს ანაკლიის პორტის პროექტსაც:

„ამ [ინფრასტრუქტურის] მიმართულებით განვახორციელეთ ორი მხარდაჭერა. ერთი, რომელიც უკვე განხორციელდა, არის აღმოსავლეთის გზის გაუმჯობესება და მეორე, რასაც იაპონიის მთავრობა განიხილავს, არის სამომავლოდ ანაკლიის პორტში ინვესტირების საკითხი“.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე – რა იმედი აქვს ანაკლიის პროექტის განხორციელების, როცა მასზე სერიოზული კითხვებია, იმამურა აკირამ განაცხადა:

„იაპონიის მთავრობამ შეისწავლა ანაკლიის პორტის საკითხი და იყო ასეთი თვალსაზრისი, რომ ინვესტიციის განსახორციელებლად საჭიროა გაიზარდოს გადაზიდვები ამ პორტიდან. პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს ინვესტიცია გადაზიდვების გასაუმჯობესებლად, თუ არა და, ანაკლიის პორტში ინვესტიციას ისეთი მნიშვნელობა აღარ ექნება“, – აცხადებს იაპონიის ელჩი და ამატებს:

„ვფიქრობ, ყველამ უნდა შევაჯეროთ ძალისხმევა, რომ განხორციელდეს ინვესტიციები როგორც პორტის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ასევე გაძლიერდეს და გაიზარდოს გადაზიდვები ამ პორტიდან“.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე – სჯერა თუ არა ანაკლიის პროექტის განხორციელების, იამამურა აკირა პასუხობს:

„როგორც მოგახსენეთ, სხვადასხვა მიმართულებით უნდა მოხდეს ინვესტირება იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საბოლოოდ განხორციელდეს“.