საქართველო, თბილისი, 2020 წლის 8 ოქტომბერი – შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) – კომპანია, რომელიც საქართველოს მთავრობამ თავდაპირველად შეარჩია სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად, განცხადებას ავრცელებს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით:
„2021 წლისთვის შემოთავაზებული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის წარმატებას თავადვე აყენებს ეჭვქვეშ. ეს იმიტომ, რომ არცერთი სანდო ინვესტორი არ მიიღებს მონაწილეობას ტენდერში ისეთ გარემოებებში, როცა მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოექცა მთავრობა ADC-ს და უცხოელ ინვესტორს – ბატონ ბობ მეიერს.
განსახილველად წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის 517-518 გვერდებზე შემდეგი ჩანაწერია მოცემული ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის თაობაზე:
“შესაძლო რისკები – არსებულ მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი. ასევე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები.”
ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ მიმდინარე საარბიტრაჟო დავა სერიოზული დაბრკოლებაა საქართველოს მთავრობის გეგმებისა და ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტისთვის. არბიტრაჟის დაწყება მთავრობის ქმედებებმა გამოიწვია, შესაბამისად ის არის პასუხისმგებელი საქართველოს სამომავლო ზრდისა და განვითარებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტის ჩაგდებაზე.
მთავრობას თავად არ სჯერა, რომ გამოჩნდებიან შესაფერისი პრეტენდენტები ანაკლიის პორტის პროექტზე გამოსაცხადებელ ტენდერში მონაწილეობისთვის. ეს კლავს იმედებს, რომ საქართველოში გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და გვექნება ეკონომიკური ზრდა, რაც ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა ასეთ სტრატეგიულ პროექტს. ამაზე კი პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა.
არათუ ახლო მომავალში ვერ ნახავს საქართველო ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, არამედ, საერთაშორისოდ აღიარებული რეპუტაციული ტრიბუნალის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა დიდი ალბათობით წააგებს დავას და სახელმწიფოს მოუწევს მნიშვნელოვანი ოდენობის ზიანის ანაზღაურება, ქვეყანას კი ექმნება დამატებითი ეკონომიკური რისკები იმ ზიანის გამო, რაც ადგება საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო ინვესტორების თვალში.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინვესტორები კვლავ რჩებიან მზადყოფნაში, რომ განაახლონ ანაკლიის პორტის პროექტი, მოიწვიონ ახალი ინვესტორები და პარტნიორები, რომ საქართველომ შეძლოს იმ პოტენციალის რეალიზება, რაც ამ პროექტს მოაქვს. მხოლოდ ის არის საჭირო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და მთავრობამ გვერდზე გადადონ საკუთარი ინტერესები და იმოქმედონ საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.”
დამატებითი დეტალები ანაკლიის პორტის პროექტისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://anakliadevelopment.com.