კორპორაცია ანაკლიის პორტში მნიშვნელოვან ინვესტირებას განიხილავს
აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ბოჰიგიანი და „ოპიკის“ წარმომადგენლები ქართულ-ამერიკული კონსორციუმის, ADC-ის მენეჯმენტს შეხვდნენ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსირების საკითხები განიხილეს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.
„ძალიან შთამბეჭდავია პორტის დეველოპერთა გეგმები მის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს ასობით სამუშაო ადგილის შექმნას რეგიონში და საქართველოს კიდევ უფრო მნიშვნელოვან ევრაზიის სატრანზიტო ცენტრად აქცევს…პორტის განვითარება ნაწილია დამაკავშირებელი გეგმისა, რომ შავი ზღვა განვითარდეს როგორც რეგიონული და გლობალური ჰაბი“, – განაცხადა “ოპიკის” აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.
აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსირების საკითხზე უკვე რამდნეიმე თვეა მუშაობს. საფინანსო ინსტიტუტი პორტის მშენებლობაში 100 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტირებას განიხილავს.
ამავდროულად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსებაში ჩართულია 5 სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტი, რომელთა წარომადგენლებმა 2018 წლის ივლისში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორია შეისწავლეს და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებთან სამუშო შეხვედრები გამართეს.
„ოპიკი“ – კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია – აშშ-ის სააგენტოა, რომელიც ამერიკული ინვესტიციების საერთაშორისო ბაზრებში დაბანდებას უწყობს ხელს. OPIC-ის სერვისები ხელმისაწვდომია 160-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი ახალი და გაფართოებაზე ორიენტირებული ბიზნესისათვის, რომლებიც ინვესტირებას გეგმავენ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის I ფაზის მშენებლობა საზღვაო-სამშენებლო ეტაპზე გადავიდა. პორტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის მობილიზება მასშტაბური საზღვაო სამუშაოების დასაწყებად.