ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“ წევრი გახდა

10.05.2018

Scroll down

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“, იგივე „ტრანსკასპიური საეთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR)“  ასოცირებული წევრი ორგანიზაცია გახდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბაქოში TITR-ის სხდომაზე მიიღეს.

ასოციაციაში ანაკლიის პორტის გაწევრიანებას კენჭისყრაზე საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

„ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტი“  აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილე ქვეყნებსა და რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშეებს აერთიანებს. მისი წევრები არიან წამყვანი საზღვაო და სატრანსპორტო კომპანიები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან.  გაერთიანება მიზნად ისახავს შუა დერეფნის პოპულარიზაციას,  აზიასა და ევროპას შორის ტვირთის გადაზიდვის პროცედურების დაჩქარება-გამარტივებას და სპეციალური შეღავათიანი ტარიფების შემუშვებას. დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ტვირთის გადაზიდვის თვალსაზრისით, შუა დერეფანი კონკურენციას ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტებს უწევს. ორგანიზაციის მხარეები თანხმდებიან, რომ ანაკლიის პორტის პოპულარიზაცია რეგიონის ყველა მოთამაშისათვის მნიშვნელოვანი ამოცანაა და დერეფნის განვითარებისთვის ძირეულია მიმდინარე მსხვილი ინიფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით დასრულება.

 

“შუა დერეფნის წევრებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ  იგრძნობოდა მხარდაჭერა და  დიდი მოლოდინი, რომელიც ახალი პორტის მიმართ ჩვენს პარტნიორებს აქვთ. საქართველო „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა ჩვენს ქვეყანაში შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის აუცილებელი პირობაა. ანაკლიის პორტს მიმართ ინტერესი საგრძნობლად მატულობს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ ოპერირებს და მშენებლობის ადრეულ ეტაპზეა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის“, –  განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

 

TITR-ის სხდომა ბაქოში მიმდინარე სერთაშორისო საპორტო კონფერენციის პარალელურად გაიმართა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და „ანაკლია სითი“ ბაქოში მიმდინარე „პორტებისა და ნავსადგურების საერთაშორისო გაერთიანების (IAPH)” კონფერენციის მონაწილეები არიან, სადაც შეხვედრებს მართავენ საზღვაო და სატრანსპორტო სექტორის წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან.
ანაკლიის პორტით  „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ წარმომადგენლები 2018 წლის იანვარში დაინტერესდნენ. TITR-ში გაწევრიანებასთან ერთად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ უკვე თანამშრომლობს შუა დერეფნის სტრატეგიულ პორტებთან, როგორებიც არიან კურიკი (ყაზახეთი), აქტაუ (ყაზახეთი), ხორგოსი (ყაზახეთი-ჩინეთი), ბაქოს პორტი (აზერბაიჯანი).

 

კონტაქტი:
რუსუდან ფანოზიშვილი +995 599 104043;
rphanozishvili@anakliadevelopment.ge
თეონა დოლენჯაშვილი +995 599 265717
tdolenjashvili@anakliadevelopment.ge