ანაკლიის პორტის პროექტის დამფუძნებლები ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდნენ

21.10.2017

Scroll down

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა ”საქართველოში ამერიკული სავაჭრო პალატის“ წარმომადგენლებსა და მათ წევრებს ანაკლიის პორტისა და ეკონომიკური ზონის პროექტების დეტალები გააცნეს.

 

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და კურტ კონტიმ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან პორტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და „ანაკლია სითის“ დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა კი ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიის დეტალური პრეზენტაციები წარადგინეს.

 

 

“ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი პროექტია, – განაცხადა „საქართველოში ამერიკული სავაჭრო პალატის“ პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა, – დიდი მადლობა ამ შეხვედრისა და უაღრესად საინტერესო პრეზენტაციებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამერიკის სავაჭრო პალატა და მისი წევრები აქტიურად ჩაერთვებიან პორტის მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე”.

 

 

სავაჭრო პალატის წევრებმა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით პროექტის წარმომადგენლებს შეკითხვები დაუსვეს და საკუთარი ინიციატივები და წინადადებები შესთავაზეს.

 

 

ანაკლიის პორტის  სახმელეთო სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 2017 წლის 20 დეკემბერს.

 

 

წინასამშენებლო მოსამზადებელი ეტაპი კი 2016 წელს დაიწყო და ამ პერიოდში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები და პროექტები:

 

 

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ შეარჩია და გამოავლინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი – მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine. იგი ასევე ანაკლიის პორტის ერთ-ერთი ინვესტორი იქნება.
  • მომზადდა და დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმა. დაახლოებით 600-გვერდიან დოკუმენტზე 1 წლის განმავლობაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად საერთაშორისო კომპანია MTBS-ი მუშაობდა. გეგმა 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.
  • დაიწყო მუშაობა ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე, რომელსაც კომპანია „ანაკლია სითი“ ხელმძღვანელობს.
    „ანაკლია სითიმ“, რომელიც 2017 წლის ივნისში დაფუძნდა, ამ დროისათვის უკვე გააფორმა მემორანდუმი სამხრეთ კორეის ინჩეონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან; დაიწყო კომუნიკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან;
    ჩაატარა  ტენდერი იმ კომპანიების გამოსავლენად, რომლებმაც უნდა მოამზადონ   „ანაკლია სითის“ ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა.
  • წამყვანმა ჰოლანდიურმა კომპანია Van Oord-მა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჩაატარა მოსამზადებელი საზღვაო საინჟინრო, მათ შორის, გეოტექნიკური, ტოპოგრაფიული და სხვა კვლევები. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ დაასრულა პროექტის განხორციელებადობის ყველა ტექნიკური კვლევა.
  • მომზადდა ანაკლიის ნავსადგურის წინასწარი დიზაინი, რომლის შედგენაშიც კონსორციუმთან ერთად ჩართულნი იყვნენ წამყვანი საერთაშორისო კომპანიები Moffatt & Nichol-ი, Royal HaskoningDHV-ი და Van Oord-ი.
  • მომზადდა და დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
  • საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გადასცა ანაკლიის ნავსადგურის საინვესტიციო ტერიტორიების ნაწილი.
  • მომზადდა ანაკლიის პორტის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელზე მუშაობის დროსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ჩაატარა 50-ზე მეტი კვლევა პორტისა და მიმდებარე ტერიტორიის ფლორის, ფაუნისა და საზღვაო ნაწილის შესასწავლად; სხვადასხვა დროს გამართა საჯარო შეხვედრები ზუგდიდსა და ანაკლიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან; ანგარიშზე მუშაობის პროცესში ჩართული იყო 20-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის Royal HaskoningDHV და Ecoline International-ი. ჩატარდა ანაკლიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური კვლევები.