მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი  ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება

01.08.2017

Scroll down

 

 ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც ისაუბრა

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეულ ტერმინალის ოპერატორთან, მსხვილ ამერიკულ კომპანია SSA Marine-თან შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ. ცერემონიამდე პრემიერმა SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“  დამფუძნებლებთან შეხვედრა გამართა და მხარეებმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული გეგმები, საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკური პარტნიორობა და საქართველოს საინვესტიციო გარემო განიხილეს.

 

„კონტი ჯგუფის“  შემდეგ SSA Marine-ი მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცემა და პროექტის ერთ-ერთ ინვესტორი ხდება.

 

ანაკლიის პორტის მნიშვენელობაზე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ვიც-პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას  როგორც ქვვეყნის განვითარების, ისე საქართველოსა და აშშ ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე  აღნიშნა: 

 

„ჩვენი მიზანია ამერიკულ ბიზნეს ინტერესებს შევუქმნათ საუკეთესო პლატფრმა,

რეგიონში და ნიშანდობლივია ამერიკული კომპანიების დაინტერესება და ჩართულობა ჩვენთან მიმდინარე რეგიონული მასშტაბის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

კონტი ჯგუფის ანაკლიისღრმაწყლოვანი  პორტის კონსორციუმში ჩართვასთან ერად, მივესალმებით თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას  

ანაკლიის პორტის კონსორიცუმსა და ამერიკულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ ოპერატორ კომპანია ესესეი მარინის შორის, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია ოპერირებას გაუწევს საკონტეინერო ტერმინალს და ასევე განახორციელებს ინვესტიციას პროექტში, რომელიც გახლავთ დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს  და ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს“.

 

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი SSA Marine-ი ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს  და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება. SSA Marine-ი დიზაინის, ოპერირების და პროექტების განვითარების თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების სტანდარტებს ამკვიდრებს, რითაც კომპანიამ უკვე შეძლო მსოფლიოში სატერმინალო ოპერაციების ტემპებისა და ეფექტურობის მნიშვნელოვნად გაზრდა.

 

„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად გვეძლევა საშუალება გავხსნათ საქართველოს საზღვაო კარიბჭე და მოვნიშნოთ ანაკლია მსოფლიო რუკაზე, გადავაქციოთ ის უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ჰაბად. SSA Marine-ის მსგავსი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის მიერ ქართულ პროექტში განხორციელებული ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. 

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და ამ დროისათვის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უკვე შეიმუშავა ანაკლიის პორტის გენერალური გეგმა და პორტის წინასწარი დიზაინი; განახორციელა 50-ზე მეტი სახმელეთო თუ საზღვაო ეკოლოგიური და საინჟინრო კვლევა სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა მიმართულებისთვის. დაწყებულია ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა. ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. პორტის პირველი ფაზა 2020-2021 წელს უნდა ამოქმედდეს.

 

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. იგი ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

 

ანაკლიის პორტი აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და, საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონას მიაღწევს. პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. პორტის პირველი ფაზის გახსნა და პირველი გემების მიღება 2020-2021 წლებში იგეგმება.

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის უპირატესობები – სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება, ლოგისტიკური სერვისების შესაძლებლობა და გაფართოების პერსპექტივა საქართველოს რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრად, ხოლო აბრეშუმის გზის ისტორიულ მარშრუტზე სტრატგიულ კვანძად აქცევს.  ანაკლიის პორტი, რომელსაც უკვე უწოდეს „საუკუნის პროექტი“, რეგიონში დამატებითი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების წინაპირობაა.